მაწვნის პანაკოტა ალუბლის სოუსით

    
 პანაკოტა იტალიურად სიტყვასიტყვით ნიშნავს “მომზადებულ ნაღებს”.  ეს არის იტალიური დესერტი, რომელიც მზადდება დამტკბარი ნაღებისა და ჟელატინისგან, თუმცა ჩვენი დღევანდელი ვარიანტი არაკლასიკურია. პანაკოტას ძირითადი ინგრედიენტების გარდა არომატისათვის ემატება ვანილი, ყავა, რომი ან სხვა ნებისმიერი რამ.

 ეს დესერტი “პანაკოტას” სახელწოდებით  არ მოიხსენიებოდა იტალიურ კულინარიულ წიგნებში 1960-იან წლებამდე.

 პანაკოტა 2001 წლიდან ითვლება პიედმონტის რეგიონის ტრადიციულ დესერტად. ის აშშ-ში პოპულარული გახდა 1990-იანი წლებიდან.

 როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი დღევანდელი რეცეპტი არაა პანაკოტას კლასიკური ვარიანტი, რადგან ნაღების ნაცვლად გაწურული მაწონი გამოვიყენე. გამოვიდა ძალიან გემრიელი, საკმაოდ ტკბილი, თუმცა არა ზედმეტად, ამ სიტკბოსთან კი მშვენიერი კომბინაცია შექმნა ალუბლის მომჟავო, არომატულმა სოუსმა.


ამ მასალით გამოვიდა 5 ცალი.


დაგჭირდებათ:
  • 1 ჩ.ჭ. გაწურული მაწონი
  • 1 ჩ.ჭ. რძე
  • 2/3 ს.კ. ჟელატინი
  • 2 გ. ვანილინი
  • 1/3 ჩ.ჭ. შაქარი
ალუბლის სოუსისთვის:
  • 150 გ. კურკაგამოცლილი ალუბალი (ან რაიმე კენკრა)
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი ან ფქვილი
  • მწიკვი დარიჩინი
  • მწიკვი ვანილი
მომზადება:
  • 1/3 ჩ.ჭ. ცივ რძეში გახსენით ჟელატინი და დადგით 10-15 წუთი, რათა ჟელატინი გაფუვდეს.
  • ამასობაში ბლენდერში მოათავსეთ გაწურული მაწონი, შაქარი, ვანილინი და დარჩენილი რძე, აქციეთ ერთიან, კრემისებურ მასად.
  • ჟელატინიანი რძე დადგით დაბალ ცეცხლზე და როცა ჟელატინი ბოლომდე გალღვება (არ უნდა ადუღდეს), დაუმატეთ მაწვნიან მასას, კარგად მოურიეთ და ჩაასხით ფორმებში. თუ ფორმებიდან მიირთმევთ, მაშინ პირდაპირ ჩაასხით ჭიქებში, თუ ფორმიდან ამოღება გსურთ სერვირებისთვის, მაშინ ფორმას ცოტა კარაქი წაუსვით. თუ სილიკონის ფორმებში ჩაასხამთ, კარაქის წასმა საჭირო არაა.
  • შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათი გასამაგრებლად.
  • სოუსის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ ალუბალი, შაქარი, სახამებელი, დარიჩინი და ვანილინი, მოურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე, როცა ალუბლის წვენი შესქელდება, გადმოდგით  და გააგრილეთ.
  • უკვე მყარ პანაკოტას მოასხით ალუბლის სოუსი.
მარტივი და გემრიელი საზაფხულო დესერტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!



No comments:

Post a Comment